ქართული კულტურისა და გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საღამო პარიზში

3 მაისს, პარიზში, გო’ე’მიო საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც ქართველი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძები იყო წარმოდგენილი.

გო’ე’მიოს ტიტულის მფლობელმა ქართველმა შეფებმა 4 სხვადასხვა სახის კერძი და დესერტი წარმოადგინეს. თითოეული კერძისათვის კი სპეციალურად იყო შერჩეული სხვადასხვა სახეობის  ქართული ღვინო.  

წვეულების განსაკუთრებული სტუმარი და მონაწილე, ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე იყო. ასევე, ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა: ეკა მამალაძე, სტეფანე მღებრიშვილი, მიშა სულუხია, აჩიკო ბერიძე, გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული ნათია თოდუა და პაატა ანდრიაძის ბენდი.

საღამოს საპატიო სტუმრები იყვნენ ცნობილი ფრანგი მსახიობი ბენოტ მაგიმელი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მხატვარი და გრაფიკული დიზაინერი ჰენრი მაჭავარიანი, გო’ე’მიოს ინტერნაციონალური ჯგუფის ხელმძღვანელი მარიანა ლფეფ, გო’ე’ მიოს 3 ქუდიანი შეფი ლორენ რიგალ, ბრიტანულ-ქართული საზოგადოება, გრიფონის განვითარებადი ბაზრის ვიცე-პრეზიდენტი, დავით გიგაური.

კულტურისა და გასტრონომის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საღამო მდინარე სენაზე, საკრუიზო გემზე “Le Diamant Bleu” გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ესიამოვნათ პარიზის ღირსშესანიშნაობებით, ქართული კულტურით და სამზარეულოთი.